გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, გუშინ და დღეს ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, აღნიშნულ დასახლებაში სასმელი წყლით არაერთი ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც მოიწამლნენ.
კომბინატში მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდგ, ბოლო ორი დღეა ონკანებიდან წყალს აღარ სვამენ და იძულებულები არაინ, მაღაზიაში შეიძინონ.
GMnews-მა აღნიშნული ინფორმაცია როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, ასევე, სამედიცინო დაწესებულებებშიც გადაამოწმა. რის საფუძველზეც, წყლის ხარისხის ეჭვქვეშდაყენების და ინტოქსიკაციის მიზეზით კომბინატის დასახლებაში მცხოვრებთა სტაციონარში მოხვედრის ფაქტები არ დასტურდება.
„აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ოფიციალური შეტყობინება ჩვენთან არ შემოსულა, თუმცა, არაოფიციალური წყარობით, ჩვენც მივიღეთ ინფორმაცია, ბუნებრივია, მოხდა შესაბამისი რეაგირება. გუშინვე ავიღეთ სინჯები და პირველადი შემოწმებით არანაირი დარღვევა ფიქსირდება. სასმელი წყალი, რომლითაც კომბინატის დასახლება მარაგდება, აკმაყოიფილებს შესაბამის ნორმებს. აღნიშნული შედეგის მიუხედავად, სინჯები მაინც გადაიგზავნა შესაბამის ლაბორატორიაში, საიდანაც 24 საათში მივიღებთ საფუძვლიან დასკვნას“, - განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელმა ბაჩო გვიანიშვილმა GMnews-თან საუბრისას.
რაც შეეხება მოზარდების ინტოქსიკაციაზე გავრცელებულ ინფორმაციას, კლინიკა „იავნანაში“ აღნიშნული მიზეზით პაციენტების შეყვანას არ ადასტურებენ.
„დღეს, გუშინ, ან ბოლო დღეების განმავლობაში, კომბინატის დასახლებიდან ინტოქსიკაციით კლინიკაში მოზარდების შემოყვანის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ტერიტორიული ერთეულიდან ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი ჩივილებით პაციენტებს არ მოუმართავთ,“ - განაცხადა დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ.