საზოგადოება
26.04.2021 11:21
ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება იწყება

საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება და მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელდება, -  ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერის ინიციატივის ფარგლებში, მოეწყობა რეკრეაციული ზონები და რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება.

„მინდა წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა. ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას, ეს პროგრამა გულისხმობს 63-ვე მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციასა და მშენებლობას, ასევე, ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტების კურორტებისა და დასახლებების ურბანულ განახლებას. პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი, ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები. საქართველოში რა თქმა უნდა, უამრავი ადგილია, რომელიც უნდა გახადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი ჩვენი მოქალაქეებისთის და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის. ქვეყნის რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი მოქალაქეებისთის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და განვითარების პირობების გაუმჯობესება სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული მასშტაბური სამუშაოებისთვის 500 მილიონი ლარია გათვალსიწინებული, ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, პროგრამის განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

კვირის ამბები