საზოგადოება
23.04.2021 15:18
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და თანამედროვე გორელმა ავტორებმა წიგნის საერთაშორისო დღე წიგნების გაჩუქებით აღნიშნეს

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და თანამედროვე გორელმა ავტორებმა, წიგნის საერთაშორისო დღე წიგნების გაჩუქებით აღნიშნეს. აქცია გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და მწერალთა სახლის ორგანიზებით გაიმართა. სხვადასხვა მწერლების წიგნები და ჟურნალების - „მწიგნობარისა“ და „აი იას“ რამდენიმე ნომერი საჩუქრად გადაეცა შინდისის გმირების სახელობის ბიბლიოთეკასაც, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში პედაგოგის და სამოქალაქო აქტივისტის, სუზი ბერიძის ინიციატივით ფუნქციონირებს.

„წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანი აქტივობაა და წიგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, განსაკუთრებით ჩვენს რეალობაში, როცა ახალგაზრდები სულ უფრო მეტად იყენებენ ინტერნეტს და წიგნის მიმართ ინტერესი თანდათან მცირდება. თანაც წიგნის გაჩუქება სასიამოვნო ჟესტია, ამიტომ დღეს სიამოვნებით შევუერთდით მწერალთა სახლის ამ ინიციატივას. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ეს პოზიტიური აქტივობა საყოველთაო ტრადიციად იქცევა,“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ლელა მაისურაძემ.

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ 23 აპრილი 1995 წელს იუნესკომ გამოაცხადა. რაც შეეხება საქართველოს, მისი აღნიშვნა 1996 წლიდან დაიწყო. ამ დღეს, წიგნების გაჩუქების იდეა ქართველ მწერალს გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის.

 

კვირის ამბები