23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. აღნიშნული თარიღის დაარსება რამდენიმე მოვლენას უკავშირდება. როგორც ცნობილია, ესპანელი მწერლის, მიგელ დე სერვანტესის (1547-1616 წწ) გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს, მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ, ხოლო მათგან წიგნებს იღებდნენ. ეს ჟესტი, ქალების მხრიდან იყო შეხსენება, რომ წიგნს ვერაფერი შეცვლის. მოგვიანებით, 23 აპრილის მოვლენებს შექსპირის დაბადების და გარდაცვალების თარიღიც დაემატა და 1995 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლების დაცვის დღედ გამოცხადდა. წიგნის ჩუქების ტრადიცია კი, მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
ბოლო რამდენიმე წელია, აღნიშნული წეს-ჩვეულება ჩვენს ქვეყანაშიც დამკვიდრდა. წიგნის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე, GMnews-თან გიორგი ხორბალაძემ, როგორც თანამედროვე ავტორმა და მკითხველმა ისაუბრა:
„ძალიან კარგია, როდესაც არსებობს ასეთი საინტერესო დღე თავისი ლამაზი ტრადიციით - წიგნის ჩუქებით მეგობრებისა და ახლობლებისთვის. ბუნებრივია, ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის და როგორც ავტორისთვის, დღევანდელ დღეს აქვს მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს ეს დღე. წიგნის ჩუქებაც მიყვარს და არა მხოლოდ წიგნის საერთაშორისო დღეს, არამედ - ზოგადად. მიყვარს ასევე წიგნის შერჩევაში დახმარება და ჩემთვის ერთადერთი საინტერესო „შოპინგიც“ მხოლოდ წიგნის მაღაზიაშია შესაძლებელი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კარგია როცა ასეთი დღე არსებობს, მაინც ვისურვებდი, რომ ყოველი დღე იყოს წიგნის დღე, განსაკუთრებით- ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რამდენადაც, როგორც არ უნდა განვითარდეს ინფორმაციის მიღების თანამედროვე საშუალებები და მეთოდები, წიგნი მაინც არის და იქნება უპირველესი სულიერი და ინტელექტუალური საზრდო ადამიანისთვის. ამიტომ, მე ჩემს შვილებთან შეთანხმებული მაქვს ასეთი სახალისო, საოჯახო ლოზუნგი - „არცერთი დღე წიგნის გარეშე!“ - რომელსაც სიამოვნებით ვუზიარებ ყველას, ვისაც სურს. ბოლოს კი, კეთილი სურვილებით ვულოცავ ყველა მკითხველს წიგნის დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და მათთვის საინტერესო წიგნების გარემოცვაში ყოფნის ბედნიერებას ყოველდღიურად“, - აღნიშნა GMnews-თან გიორგი ხორბალაძემ.