კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების გამო, გორის მეექვსე საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის, - ამის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.
GMnews-ის ინფორმაციით, აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კორონავირუსული ინფექცია პედაგოგს და მოსწავლეს დადასტურდა. კოვიდ 19 დაუდასტურდა ასევე სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის მასწავლებელსაც.
„კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, შიდა გავრცელების პრევენციისთვის, მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, 22 აპრილიდან დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით გააგრძელებს სასწავლო პროცესს გორის მეექვსე საჯარო სკოლა. აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კორონავირუსული ინფექცია პედაგოგს და მოსწავლეს დაუდასტურდა.
ამასთან, კოვიდ 19 გამოვლინდა სვენეთის საჯარო სკოლის პედაგოგების ტესტირებისას, ამ შემთხვევაში ინფიცირებულია ერთი პედაგოგი და ველოდებით ეპიდემიოლოგიური კვლევისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლების რეკომენდაციებს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა GMnews-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სრულად დისტანციურ რეჟიმში გრძელდება სწავლა გორის მესამე, ქვემო ხვითისა და უფლისციხის საჯარო სკოლებში.