საზოგადოება
22.04.2021 12:18
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპის ვადები შეიცვალა
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპის ვადები შეიცვალა და 27 აპრილიდან 11 მაისის ნაცვლად, მშობლებს ბავშვების რეგისტრაცია 20 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადების ცვლილება ქვეყანაში 3-დან 11 მაისის ჩათვლით გამოცხადებულმა უქმეებმა განაპირობა.

რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, მშობლებს ბავშვების დარეგისტრირება დადგენილ ვადებში შეეძლებათ.

„იქიდან გამომდინარე, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 3-დან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა, რამდენიმე დღით წინ გადმოიწია პირველკლასელთა რეგისტაციის მეორე ეტაპმა და 27 აპრილის ნაცვლად, 20 აპრილს დაიწყო. ეს პროცესი 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. შემდეგ კი, მოგეხსენებათ, ქვეყანაში უქმე დღეები იწყება და რეგისტრაციაც არ განხორციელდება. პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპის ვადები არ შეცვლილა, 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის რეგისტაციას ის პირველკლასელები გადიან, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში; მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რაც შეეხება საყოველთაო რეგისტრაციის პერიოდს, 13 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

მეოთხე ეტაპი კი, 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. აღნიშნულ ეტაპზე, გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
კვირის ამბები