საინტერესო ამბები
22.04.2021 09:25
UNPF-ის პროგნოზით, 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობა 2 მლრდ-ით გაიზრდება

გაერომ მსოფლიო მოსახლეობის ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა (1951 წლიდან, ყოველ 2 წელში ერთხელ აქვეყნებს). გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNPF) მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიო მოსახლეობა 7,875 მილიარდ ადამიანს შეადგენს.

1950 წელს, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 2,6 მლრდ. ადამიანი იყო. 1987 წელს მოსახლეობა 5 მლრდ-მდე, 1999 წლის ბოლოსთვის კი - 6 მლრდ-მდე. პროგნოზების თანახმად, მომავალი 30 წლის განმავლობაში პლანეტის მოსახლეობა 2 მლრდ. ადამიანით გაიზრდება და 2050 წელს 9,7 მილიარდი, 2100 წლისთვის კი - 11 მლრდი გახდება.

მსოფლიო მოსახლეობა რეგიონებზე შემდეგნაირად არის გადანაწილებული: 61% (4,7 მლრდ.) აზიაში ცხოვრობს, 17% (1,3 მლრდ.) - აფრიკაში, 10% (750 მლნ.) - ევროპაში, 8% (650 მლნ.) ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზის ქვეყნებში, 5% (370 მლნ.) - ჩრდილოამერიკაში და ოკეანის ქვეყნებში ცხოვრობს 43 მლნ. ადამიანი.

ჩინეთი და ინდოეთი, 1,44 და 1,39-მილიარდიანი, მოსახლეობით ყველაზე დიდი ქვეყნებია. მათი წილი მსოფლიო მოსახლეობაზე 19% და 18%-ია.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველოში 4 მლნ. ადამიანი ცხოვრობს. აქედან 14 წლამდე ასაკის 20,3%-ია, 15-დან 64 წლამდე ასაკის - 64,1%, 64-ს ზევით კი - 15,6%.

კვირის ამბები