კულტურა
08.11.2019 16:47
XIX საუკუნეში არც ერთ სოფელში არ აშენებულა არბოს წმ. გიორგის ტაძარზე დიდი ზომის ეკლესია
არბოს წმინდა გიორგის ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში მდებარეობს. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია, ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით.

ტაძრის მშენებლობა 1847 წელს დაიწყო ორმა ძმამ დეკანოზმა იაკობ ლომოურმა და მღვდელმა იოსებ ლომოურმა. სასულიერო პირი ძმების დაწყებული მშენებლობა ლომოურების ბიძაშვილმა - მღვდელმა გარსევან ლომოურმა დაასრულა. ეკლესია 1891 წელს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ აკურთხა.

1865 წელს, სოფელ არბოში მხოლოდ 21 კომლი ცხოვრობდა. ამ პატარა სოფელში უზარმაზარი ტაძრის აგება იმით აიხსნება, რომ არბოში დიდი სიწმინდე ეგულებოდათ. XIX საუკუნეში არც ერთ სოფელში არ აშენებულა არბოს წმ. გიორგის ტაძარზე დიდი ზომის ეკლესია.

ტაძარში ინახებოდა არბოს ხატის წმინდა ნაწილები. 1892 წელს, ჟურნალ „მწყემსის“ კორესპონდენტი ნიკო ლომოური წერს, რომ არბოს დეკანოზი ანდრია ჟურული უცნობი მიზეზების გამო რუსეთში გაიპარა და თან არბოს ხატის წმინდა ნაწილები წაიღო. დეკანოზმა ჟურულმა და ვერც იმან, ვისაც ეს ნაწილი მიჰყიდა, ვერ გაიხარეს, ამიტომ ხატის წმ. ნაწილი ისევ არბოში დააბრუნეს. XIX საუკუნეში ხატი არბოს ტაძარში იყო დაბრძანებული ამჟამად კი აღნიშნული ხატის, ჯვრის და სიწმინდეების ადგილსამყოფელი უცნობია.

კვირის ამბები