საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება განხორციელდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ცვლილებების შედეგად განსახლების პროცესი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგო.
„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში შესული ძირითადი ცვლილებები შემდეგნაირად განისაზღვრა: დევნილ ოჯახს, რომლის შემადგენლობაშიც არის 1994 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი, მიენიჭება – 1,5 ქულა, ხოლო, ყოველ დამატებით წევრზე - 0,5 ქულა; 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ოჯახს, რომლის შემადგენლობაშიც არის 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი, მიენიჭება – 1,5 ქულა, ხოლო, ყოველ დამატებით წევრზე - 0,5 ქულა; გაიზარდა „სოფლად სახლის“ შესყიდვისას თითოეული დევნილი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა; გაიზარდა დევნილი ოჯახებისთვის გადასაცემი ახალაშენებული ბინების მინიმალური ფართობი; თუ დევნილ ოჯახს განაცხადი შევსებული აქვს განსახლების რამდენიმე პროგრამის ფარგლებში სააგენტო განიხილავს მხოლოდ ბოლო განაცხადს. ამასთან, დევნილ ოჯახს შესაძლებლობა აქვს 2021 წლის 1 მაისამდე დააზუსტოს მის მიერ შევსებული რომელი განაცხადის განხილვა სურს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.