საზოგადოება
21.04.2021 09:22
აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ს აღემატება, ახალი რეგულაციების დაწესებაზე კოვიდსაბჭო დღეს იმსჯელებს

კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების დაწესებასა და  იმაზე, რომელი ორგანიზაციები არ იმუშავებენ უქმედ გამოცხადებული დღეების განმავლობაში, კოვიდსაბჭო დღეს იმსჯელებს. კოვიდსაბჭოს სხდომას მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს.

„ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 ათას ერთეულს აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე.  პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდსაბჭო, სადაც განვიხილავთ იმ მაჩვენებლებს, რომლებიც ხდება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რათა ქვეყანაში სხვადასხვა რეგულაცია დაწესდეს.

ასევე, საბჭო უქმე დღეებთან დაკავშირებითაც იმსჯელებს. ვიმსჯელებთ, რომელი ორგანიზაციები და რა მიმართულებები განაგრძობენ მუშაობას და რა მიმართულებისთვის იქნება შეზღუდული სამუშაოს გაგრძელება. მნიშვნელოვანია პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა, რათა ინფექციის გავრცელების დროული შეკავება მოხდეს“,- განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

კვირის ამბები