კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების დაწესებასა და იმაზე, რომელი ორგანიზაციები არ იმუშავებენ უქმედ გამოცხადებული დღეების განმავლობაში, კოვიდსაბჭო ხვალ იმსჯელებს. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდსაბჭოს სხდომას მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს.
„აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 ათას აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება, ამისთვის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შრომითი ინსპექციის მხრიდან გამკაცრებულია მონიტორინგი, ასევე გამკაცრდა დაჯარიმებები. ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდსაბჭო, სადაც განვიხილავთ იმ მაჩვენებლებს, რომლებიც ხდება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რათა ქვეყანაში სხვადასხვა რეგულაცია დაწესდეს.
ასევე, საბჭო უქმე დღეებთან დაკავშირებითაც იმსჯელებს. ვიმსჯელებთ, რომელი ორგანიზაციები და რა მიმართულებები განაგრძობენ მუშაობას და რა მიმართულებისთვის იქნება შეზღუდული სამუშაოს გაგრძელება. მნიშვნელოვანია პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა, რათა ინფექციის გავრცელების დროული შეკავება მოხდეს“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.