რეგიონებს შორის მრავალპროფილური ურთიერთობისა და თანამშრომლობის მიზნით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების შეთანხმებას ხელი მოეწერა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, სადაც მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდისა“ და „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებმაც მიიღეს. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა ,,საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის განსუს პროვინციის ქალაქ უვეის ლოგისტიკურ ცენტრს შორისაც.
როგორც GMnews-თვის ცნობილია, განსუს პროვინცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე, დიდ ინტერესს გამოთქვამს, გახდეს საქართველოს სარკინიგზო პარტნიორიც. ასევე, პროვინცია მზად არის, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ქართული პროდუქციის რელიზაციის გაზრდას ჩინურ ბაზარზე.
„ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, საშუალება მოგვეცემა მხარეებმა გავუზიაროთ გამოცდილება ეკომონიკის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და საერთო ინტერესების გათალიწინებით, მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ,“ - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა.