საზოგადოება
20.04.2021 12:32
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კოვიდინფქეციის დადასტურების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კოვიდინფექციის დადასტურების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა, - ამის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა განუცხადა.

ლია კოვზიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე სრულად შეჩერებულია სასწავლო პროცესი ნიქოზის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ხოლო გორის პირველი საბავშვო ბაღის ფილიალში მხოლოდ ერთი ჯგუფია თვითიზოლაციაში.

„მოგეხსენებთ, ეტაპობრივად ხორციელდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ტესტირება. 13 აპრილს კოვიდინფექცია გამოუვლინდა ნიქოზის საბავშვო ბაღის აღსაზრდელს, რამდენიმე დღეში კი, სასწავლო დაწესებულების ორ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდ 19. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ გორის პირველი საბავშვო ბაღის ფილიალის ერთ-ერთი აღსაზრდელის დედას კორონავირუსი დაუდგინდა, ბავშვი კი - სააღმზრდელო პროცესს ესწრებოდა. ინფიცირებულთან კონტაქტის კონტაქტების გამო, აღნიშნული ჯგუფი ორი კვირით თვითიზოლაციაში გადავიდა. სხვა შემთხვევები, ამ ეტაპზე, არ გვაქვს, “- აღნიშნა ლია კოვზიაშვილმა

GMnews-ის ინფორმაციით, გუშინ ხიდისთავის საბავშო ბაღში არც ერთი აღსაზრდელი არ გამოცხადდა, დღეს კი - სასწავლო პროცესს მხოლოდ სამი ბავშვი ესწრება. ბავშვთა ნაკადის სიმცირეს, კოვზიაშვილი სოფელში ვირუსის გავრცელების მაღალ მაჩვენებელს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ხიდისთავის საბავშვო ბაღის არცერთ თანამშრომელს კორონავირუსული ინფექცია არ უფიქსირდება, ასევე, არც აღსაზრდელთა შორისაა კოვიდდადებითის ტატუსის მქონე ბავშვი.

კვირის ამბები