08.11.2019 16:22
გორში მოყვანილი ზეთისხილი და ფისტა - ახალგაზრდა ფერმერის ექსპერიმენტები ,,ვაშლის ქვეყანაში“
34 წლის ბადრი ციქუბაძეს უკვე სამი წელია, საკუთარ მიწის ნაკვეთზე ეკოლოგიურად ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული მოჰყავს. ამბობს, რომ საქართველოში ბიო მარკეტი ახლა იკიდებს ფეხს და მომხმარებლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ამიტომაც, მომავალ წელს, ახალგაზრდა აგროფერმერი ბიოპროდუქტის მწარმოებლის საერთაშორისო სერტიფიკატის აღებას და მოსავლის რაოდენობის გაზრდას გეგმავს.
„ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დავიწყე მყნობის, სხვლის, გადარგვისა თუ სხვა მეთოდებით ექსპერიმენტების ჩატარება მცენარეებზე. სამი წლის წინ, სახლთან ახლოს მიწის ნაკვეთი შევიძინე და ბიოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება დავიწყე. შარშან კი, ჩემივე მოწეული ხილით და ბოსტნეულით ჩირის წარმოება დავიწყე. ინტერნეტმარკეტინგის და პირადი ნაცნობობით გამოწვეული ნდობის დახმარებით, უამრავი მომხმარებელი გამოუჩნდა ჩემს მიერ მოწეულ მოსავალსა თუ პროდუქციას, თუმცა, ვთვლი რომ ბიოწარმოების მიზანი მხოლოდ ფინანსური მოგება არ უნდა იყოს. თუ გავითვალისწინებთ ბაზარზე არსებულ სიტუაციას საკვების უვნებლობის კუთხით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმიანობის მთავარი პლიუსი იმაშია, რომ ჩვენს ოჯახის წევრებს, ნათესავებს თუ თანამოქალაქეებს ჯანსაღი პროდუქტით კვების შესაძლებლობას ვაძლევთ და ამით ჩვენი წვლილი შეგვაქვს უკეთესი სამყაროს ფორმირებაში“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას აგროფერმერმა ბადრი ციქუბაძემ.
საკვები პროდუქტები წარწერით – „ორგანული“, „ბიო“ და „ეკოლოგიურად სუფთა“ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ფუფუნებად ითვლება და სპეციალურ მაღაზიებში ან დიდ სუპერმარკეტებში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე იყიდება. ფასი კი, ჩვეულებრივ საკვებთან შედარებით, გაცილებით მაღალი აქვს. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ექსპორტს ახორციელებენ, საქართველოცაა, თუმცა, საექსპორტო საქონელის რაოდენობა ჯერჯერობით ძალიან მცირეა.