საზოგადოება
19.04.2021 23:09
ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ, ხუთპუნქტიან წინადადებას მმართველმა გუნდმა და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა

„საქართველოს წინსვლის გზა“ – ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალი, ხუთპუნქტიანი წინადადება ხელმოწერილია. დოკუმენტს მმართველმა გუნდმა და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა. შეთანხმების ტექსტს  ხელი მოაწერეს: „ქართულმა ოცნებამ", ოპოზიციიდან - „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, „ლელოს“ ლიდერებმა, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. ასევე, დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.

მიშელის ახალ დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

ამ შეთანხმების თანახმად, ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ამნსტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, ,,ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ,,ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

კვირის ამბები