კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების გამო, ქვემო ხვითისა და უფლისციხის საჯარო სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების გამო, ქვემო ხვითისა და უფლისციხის საჯარო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, - ამის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.
ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური მეთოდით სწავლება 19 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
„კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, შიდა გავრცელების პრევენციისთვის, მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, 19 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით გააგრძელებს სასწავლო პროცესს გორის მუნიციპალიეტეტის სოფელ ქვემო ხვითისა და უფლისციხის საჯარო სკოლები. აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსული ინფექცია პედაგოგებს დაუდასტურდათ“, - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა GMnews-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 15 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით, ასევე სრულად დისტანციურ რეჟიმში გრძელდება სწავლა გორის მესამე საჯარო სკოლაში.