კულტურა
19.04.2021 12:37
ლიტერატურულ კონკურს „მაჩაბელის“ გამარჯვებულები 27 აპრილს გამოვლინდებიან - ღონისძიებას გორის თეატრი უმასპინძლებს

27 აპრილს,  გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ლიტერატურულ კონკურსში - „მაჩაბელი“,  გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ორგანიზატორების თქმით, ლიტერატურული მარათონი მიზნად ისახავს ახალი ტალანტების გამოვლენასა და ლიტერატურული პერიოდიკისა და გამომცემლობათა მოტივაციის ამაღლებას.
პრემია „მაჩაბელი“  შემდეგ ნომინაციებში გაიცემა: საუკეთესო პოეტური ციკლი/კრებული; საუკეთესო პროზაული ნაწარმოები; საუკეთესო კრიტიკული/ესეისტური/პუბლიცისტური კრებული და საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი. აქვე გეტყვით, რომ ზემოხსენებული ლიტერატურული პრემიის ოფიციალური პარტნიორი  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტთან არსებული ლიტერატურული კაფეა,  კონკურსის დამფუძნებელი კი, სასწავლებლის რექტორი გიორგი სოსიაშვილია.
„ჩემი დიდი ხნის ნატვრა იყო, რომ ასეთი შესანიშნავი კონკურსი დამეფუძნებინა. დიდება უფალს! კარგ საქმეებში განგება ყოველთვის ხელს გვიმართავს. მადლობა კონკურსის ორგანიზებაში ჩართულ ჩემ კოლეგებს და იმ ორგანიზაციებს, ვინც მხარში ამოგვიდგა. რამდენიმე დღის წინ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ჩვენი განუმეორებელი დუტა სხირტლაძე სტუმრობდა, მე კი გაგიმხელთ, რომ სწორედ ის გაგვილამაზებს 27 აპრილის ძვირფას საღამოს გორის თეატრში“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა.

 

კვირის ამბები