რეგიონი
08.11.2019 16:16
21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასავლელები - რას ითვალისწინებს პროექტი, რომელიც რიკოთზე ხორციელდება

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი, აქედან პირველ მათგანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, ხოლო მეორე მონაკვეთზე, შეჩერებული სამუშაო პროცესის განახლების მიზნით, მსოფლიო ბანკთან სხვადასხვა საკითხის განხილვა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, გარდამტეხი პროგრესია მიღწეული ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე. წლის ბოლომდე დასრულდება 5,8 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო მომავალი წლის ივლისში, ხაშურს ექნება შემოვლითი 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა. ახალი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და ამჟამად არსებულ გზას სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაურთდება“, - ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

კვირის ამბები