გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ახალი სივრცე - მიუნცკაბინეტი (გერმ. Münzkabinett მონეტების კაბინეტი, სადაც დაცული იყო კოლექციონერების მიერ შეგროვებული მასალა და წარმოებდა მათი შესწავალა) შეემატა, სადაც წარმოდგენილია სამონეტო განძები და უნიკალური მონეტები, პრე-მონეტარული პერიოდიდან (ძვ.წ II -I ათასწლეულების მიჯნა) 1834 წლამდე.
მუზეუმის ახალი მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცის ოფიციალურ გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს, USAID-ის პროექტის - ,,ზრდა" წარმომადგენლები, არქეოლოგები, ნუმიზმატები და ისტორიკოსები ესწრებოდნენ.
მუზეუმის ახლადგახსნილ გამოფენაზე დამონტაჟდა ინსტალაციებიც, სადაც დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა, დიდ მასშტაბში, დეტალურად გაეცნოს წარმოდგენილ მონეტებს. გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა მოიცავს ისეთ ექსპონატებსაც, რომლებიც მსოფლიოში სულ რამდენიმე ერთეულია აღმოჩენილი.
ნუმიზმატიკური გამოფენის პროექტი განხორციელდა USAID/Zrda-ს და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მუზეუმში მოეწყო საგანმანათლებლო სივრცეც. გორის მერიამ გრანტი 2020 წელს USAID-ის ,,ზრდა" პროექტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოიპოვა.