საზოგადოება
16.04.2021 12:51
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელების პრობლემა უკვე მოგვარდა. გარკვეულ ლოკაციებზე  კი, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო, სალიკვიდაციო სამუშაოებს ეტაპობრივად განახორციელებს. სააგენტოს თანამშრომლებმა სოფელ ხელთუბანში უკვე გაწმინდეს თვითნებურად დაყრილი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია, რის შემდეგაც აღნიშნულ მონაკვეთზე სანიაღვრე არხი გაიჭრა. დასუფთავდა, ასევე, ახალშენის, ახალსოფლის, ზეღდულეთის, ქვემო სობისი, ბერშუეთისა და კირბალის  მიმდებარედ არსებული დაბინძურებული ზონებიც.

როგორც ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახურში ამბობენ, დაბინძურებული ტერიტორიები ანტისანიტარიის კერას წარმოადგენდა და სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკებს ქმნიდა. ამიტომ, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები ყველა იმ სოფელში განხორციელდება, სადაც სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელი ჯერ კიდევ არსებობს.

GMnews-ის ინფორმაციით, გასულ წელს, სტიქიური ნაგავსაყრელი გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში დაიხურა, თუმცა, დაბინძურების ახალი კერები ყოველწლიურად, მოსახლეობის დაუდევრობით მაინც ჩნდება.

კვირის ამბები