საზოგადოება
16.04.2021 12:09
„სუფთა და ლამაზი ქუჩა“ - გოგებაშვილის ქუჩა კონკურსის „სუფთა რეგიონი 2020“-ის ნომინაციის გამარჯვებულია

გორში, მეჯუდის სანაპიროზე მდებარე გოგებაშვილის ქუჩა,  კონკურსის - „სუფთა რეგიონი 2020“-ის ერთ-ერთი  გამარჯვებული გახდა. ნომინაციაში - „სუფთა და ლამაზი ქუჩა“, ჯილდო სწორედ გოგებაშვილის ქუჩას ერგო. ღონისძიებაზე გამარჯვებულები 8 ნომინაციაში გამოვლინდნენ. მასში მონაწილეობის მიღება კი, ქვეყნის მასტაბით ყველა მუნიციპალიტეტს შეეძლო. კონკურსში გოგებაშვილის ქუჩა გორის მერიამ წარადგინა.

„ზემოხსენებული კონკურსი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ ორგანიზებით ჩატარდა. მისი მიზანი იყო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა. უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიება 2015 წლიდან იმართება პროექტის  - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას კი, შვედეთის მთავრობა ახორციელებს“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

შეგახსენებთ, გოგებაშვილი ქუჩის პირველი მონაკვეთი 2018 წელს რეაბილიტირდა. განხორციელდა ქუჩის სატრანსპორტო და საფეხმავლო ნაწილების რეაბილიტაცია, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ბულვარი და საკანალიზაციო ქსელი. სამუშაოების ღირებულებამ 1 135 236 ლარი შეადგინა. გოგებაშვილის ქუჩის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია ამჟამად გრძელდება. პროექტის ღირებულება 984 994 ლარია. რეაბილიტირებული ნაწილის მსგავსად, ქუჩის აღნიშნული მონაკვეთიც მდინარე მეჯუდას სანაპიროს მიუყვება.

 

კვირის ამბები