იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს სხდომაზე დღეს ორ მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელებთ, ეს არის ვაქცინაციაში სინოფარმის ჩართვის საკითხი და აცრების პროცესში სხვა ჯგუფების დამატება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, აქტივობა ვაქცინაციაზე მაღალი არ არის, ამის პარალელურად, როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ მოქალაქეების ორი ჯგუფია ჩართული ვაქცინაციის პროცესში - სამედიცინო დაწესებულების პერსონალი და 55 წელს გადაცილებული პირები. იმუნიზაციის ეროვნული საბჭო დღეს იმსჯელებს აღნიშნულ საკითზე და მოხდება გადაწყვეტილების მიღება, ჩაერთვებიან თუ არა აცრებში სხვა ასაკობრივი ან პრიორიტეტული ჯგუფის მოქალაქეები.
როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად, ქვეყანაში ორი ვაქცინით მიმდინარეობს აცრები ეს არის „ასტრაზენეკა“, რომლის 43 000 დოზა შემოვიდა ქვეყანაში და „ფაიზერი“ რომლის 29 000 დოზაც მივიღეთ. გარდა ამისა უკვე დასაწყობებულია ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 000 დოზა. აღნიშნულ საკითხზეც დღეს მოხდება გადაწყვეტილების მიღება ჩავრთავთ თუ არა სინოფარმსაც. პარალელურად ვმუშაობთ სხვა ვაქცინების შემოტანაზეც“, - განაცხადა GMnews-თან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.