საზოგადოება
15.04.2021 16:30
პანდემიის პერიოდში, შიდა ქართლში ინფიცირება დაუდასტურდა 15 639 ადამიანს - ამირან გამყრელიძე

გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის ვითარება რომ არ მივიღოთ მესამე ტალღის პერიოდშიც, აუცილებელია ყველა იმ  რეგულაციის მკაცრად დაცვა, რაც ამჟამად მოქმედებს ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გორში ყოფნისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მთლიანად, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 5 % შიდა ქართლზე მოდის.

,,გასული ერთი წლის განმავლობაში, რაც საქართველოში პანდემია მძვინვარებს, მთლიანად, ქვეყანაში დაფიქსირებული ინფიცირების 292 244 შემთხვევიდან, შიდა ქართლში ინფიცირება დაუდასტურდა 15 639 ადამიანს, ეს წარმოადგენს ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 5%-ს. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ინფიცირებული - 41% არის თბილისში, 15% - მოდის იმერეთზე, 15% - აჭარაზე, შემდეგ არის სამეგრელო-ზემო სვანეთი 8%, ქვემო ქართლი - 6%, კახეთი - 5%, შიდა ქართლი - 5%, სამცხე-ჯავახეთი - 2%, მცხეთა-მთიანეთი - 2%, გურია - 2%, რაჭა-ლეჩხუმი - 1%.

ინფიცირების შემთხვევათა ბოლო დღეების მაჩვენებელი და ეს ზოგადი ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იძაბება უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო თებერვალ-მარტში. ჩვენ საკმაოდ სტაბილური ვითარება გვქონდა შარშან გაზაფხულიდან სექტემბრამდე. სექტემბრის 10 რიცხვამდე, მთელ ქვეყანაში 1500-მდე ინფიცირების და გარდაცვალების 19 შემთხვევა გვქონდა. სექტემბრის 15-დან დაიწყო თანდათან მატება, განსაკუთრებით კი, ეს მატება აღინიშნა უკვე ოქტომბერში და მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე იყო ნოემბერ-დეკემბერი. იგივე ვითარება რომ არ მივიღოთ მესამე ტალღის პერიოდშიც, აუცილებელია ყველა იმ  რეგულაციის მკაცრად დაცვა, რაც ამჟამად მოქმედებს ქვეყანაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები