ავღანეთიდან ნატოს მისიის ძალების გაყვანა 1-ლი მაისისთვის დაიწყება, - ამის შესახებ ნატოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ცნობილია, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც მსახურობენ ამ მისიის ფარგლებში, ნატო-სთან შეთანხმებული განრიგით, ასევე დატოვებენ ავღანეთს და სამშობლოში დაბრუნდებიან.
„იმის გათვალისწინებით და აღიარებით, რომ ავღანეთის წინაშე მდგარი გამოწვევების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ 1-ლი მაისისთვის „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ძალების გაყვანას დავიწყებთ. ვგეგმავთ, რომ აშშ-ისა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ძალების გაყვანა რამდენიმე თვეში დასრულდება. ძალების გაყვანის დროს თალიბების ნებისმიერ თავდასხმას მოკავშირეთა ჯარებზე მტკიცე ძალით ვუპასუხებთ“, - ნათქვამია ნატოს განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკელებთან ერთად 11 სექტემბრამდე დატოვებენ.