მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც დაიწყო ქვეყანაში, არის იმუნიზაცია, რომლის გარეშეც ეს ეპიდემია ვერ დამთავრდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სამედიცინო ქსელ „გორმედში“, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
გამყრელიძემ ადგილობრივ ექიმებთან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება განიხილა და აღნიშნა, რომ არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, მესამე ტალღას, უფრო მომზადებული უნდა დავხვდეთ, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ.
„მეორე ტალღის დროს ძალიან დიდი დაწოლა იყო და პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რასაც კოვიდთან ბრძოლაში, ამ ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში, ჩვენი კოლეგები ეწევიან. მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც დაიწყო ქვეყანაში, არის იმუნიზაცია, რომლის გარეშეც ეს ეპიდემია ვერ დამთავრდება და ამაში დაგვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. რადგან „გორმედი“ ერთ-ერთი მთავარი ქსელია შიდა ქართლში, რეგიონში ასევე გვაქვს ჰოსპიტალი, იქაც გახლდით და უკვე შევხვდი სამედიცინო პერსონალს. ქვეყანაში მილიონ შვიდასიათასი ადამიანი მაინც უნდა აიცრას, რომ სტაბილური ვითარების საფუძველი გვქონდეს. თქვენთვის ორი რამ მაქვს სათქმელი - ერთი ის, რომ სამწუხაროდ, მოიმატებს და უკვე იმატებს შემთხვევები, უკვე მესამე დღეა, 1000-ს გადავაბიჯეთ, შიდა ქართლში ჯერ-ჯერობით არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, ყველაზე მეტი თბილისშია, ასევე აჭარაში და განსაკუთრებით მოიმატა სამეგრელო-ზემო-სვანეთში, მაგრამ, თანდათან, ალბათ ყველგან გვექნება მატება. ამ მხრივ გამოცდილება უკვე მიღებულია ჩვენი სამედიცინო ქსელის მიერ და სასურველია, რომ ამ მესამე ტალღას, რომელიც შეიძლება არ იყოს ისეთი მძიმე, როგორიც მეორე იყო, მაგრამ მაინც უფრო მომზადებული უნდა დავხვდეთ როგორც ინფრტასტრუქტურულად, ისე ადამიანური რესურსით, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, ვიდრე მეორე ტალღის დროს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გორში სამედიცინო სპეროს წარმომადგენლებს ხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრა წითელი ჯვრის მოხალისეებთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ამასთან, ამირან გამყრელიძე შეხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და რეგიონის გუბერნატორთან ერთად, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან გამართავს საინფორმაციო შეხვედრას.