ქვეყანაში, კორონავირუსით რეინფიცირების 100-მდე შესაძლო შემთხვევიდან მხოლოდ სამი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
იმნაძის შეფასებით, რეინფიცირება ძალიან ხშირი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს.
„კონტროლი მიმდინარეობდა სულ 140 შემთხვევაზე, აქედან 100-მდე შემთხვევა ჩაითვალა შესაძლო შემთხვევად. დღეისათვის დარჩენილია 19 შემთხვევა, რომელზეც მოძიებულია როგორც პირველი, ასევე, მეორე შედეგი PCR ტესტირების, რათა მოხდეს მათი სეკვენირება. სამ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ეს იყო ნამდვილად რეინფიცირება. გენეტიკური პროფილი პირველ და მეორე შემთხვევებში განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, რაც არის რეინფიცირების დამადასტურებელი. ერთ შემთხვევაში საქმე გვქონდა იმავე შტამთან, ეს იყო არა რეინფიცირება, არამედ ვირუსის პერსისტენცია. რეინფიცირების ერთი შემთხვევა იყო 2.5 თვეში, მეორე სამ თვეში და მესამე სამ თვეზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში. ეს მოვლენა არ არის ძალიან ხშირი, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.