გერმანიაში დასაქმების სურვილი გორის მუნიციპალიტეტის 1050-მა მცხოვრებმა დააფიქსირა, აღნიშნულ პირებს სპეციალური კითხვარის შევსება უკვე შეუძლიათ
გერმანიასა და საქართველოს შორის სეზონური დასაქმების შესახებ ხელშეკრულების განხორციელება ახალ ეტაპზე გადავიდა. გერმანიიდან ვაკანსიების გამოგზავნის და ამ კონკრეტულ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევის პროცესი დაიწყო.
GMnews-ის ინფორმაციით, სპეციალური კითხვარის შესავსებად, გერმანიაში დასაქმების მსურველების გარკვეულ ნაწილს უკვე დაუკავშირდნენ გორშიც. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, შესაბამისი აპლიკაციის შევსება პროგრამის მონაწილეებს უკვე შეუძლიათ.
„სპეციალურ პორტალზე - workabroad.moh.gov.ge-ზე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 1050 მოქალაქე დარეგისტრირდა, რომლებსაც მერიის მოხალისე თანამშრომლების დახმარებით სპეციალური კითხვარის შევსება უკვე შეუძლიათ. რაც შეეხება სააპლიკაციო ფორმაში დასმულ კითხვებს, უშუალოდ სამუშაო გამოცდილებას და სასურველი სამუშაო პოზიციის გამოვლენას ეხება. დედლაინის დასრულების შემდეგ, შევსებულ ბლანკებს თბილისში გადავაგზავნით, სადაც ალბათ, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, რამაზ შიოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დასაქმების მსურველი უნდა იყოს 18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, ასევე, არ უნდა იყოს დეპორტირებული, არ უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დარღვევა. სასურველია ჰქონდეს სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, საჭიროა, უცხო ენის საბაზისო ცოდნაც. შესაძლებელია ისიც, რომ დასაქმებულთა ჯგუფში იყოს ენის მცოდნე ერთი პირი, რომელიც მას დამსაქმებელთან კომუნიკაციაში დაეხმარება. მგზავრობის ხარჯებს დასაქმებული ფარავს. ამასთან, დასაქმების მსურველმა გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა ჩაიტაროს კორონავირუსზე PCR-ტესტი. გერმანიაში ჩასვლისას, დასაქმებულს აეროპორტში ხვდება დამსაქმებლის წარმომადგენელი, რომელიც მის სამუშაო ადგილამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
ერთ საათში მინიმალური ხელფასი 9.5 ევროს შეადგენს, აქედან 5% არის საშემოსავლო გადასახადი. ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯს დამსაქმებელი ფარავს. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის საცხოვრებელი პირობები სამუშაო ადგილთან ახლოს, თუმცა ქირის საფასურს დასაქმებული იხდის. ასევე, კვების ხარჯი შესაძლოა დამსაქმებელმა გასწიოს, რასაც შემდგომ დასაქმებული ფარავს.
სამუშაო მოიცავს რვასაათიან სამუშაო დღეს, შეთანხმების შემთხვევაში კი შესაძლოა იყოს 10 საათიც.