საზოგადოება
14.04.2021 12:43
არ გვეშინია სიმართლის თქმის და პრობლემებისთვის თვალის გასწორების - გიორგი ხოჯევანიშვილი

მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ გამკლავება ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიც არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე და ეს ის პრობლემებია, რაც ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს, - ამის შესახებ გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

,,მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ გამკლავება ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიც არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე და ეს ის პრობლემებია, რაც ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს და არა პოლიტიკურ პარტიებს შორის დაუსრულებელი დაპირისპირება და კინკლაობა. ჩვენ ამ პრობლემებს ვხედავთ, არ გვეშინია სიმართლის თქმის და პრობლემებისთვის თვალის გასწორების. დეტალურად, მომავალ გეგმებზე, გუნდის ლიდერთან ერთად მოგვიანებით მოგახსენებთ", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.  

უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასთან ერთად, პარტიის მშენებლობის აქტიური ფაზა იწყება.

,,დღეიდან ვიწყებთ აქტიურ ფაზას პარტიის მშენებლობის, შესაბამისად, ვტოვებთ ფრაქციას და პარტია ,,ქართულ ოცნებას", - განაცხადა ბუჩუკურმა.  

„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი. ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს ღირებულებები. გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე. ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები“, - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ექვსმა წევრმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვა.

კვირის ამბები