საზოგადოება
08.11.2019 15:08
„ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმის დასაწყისი, რომელიც ხელს შეუწყობს მიწის რეგისტრაციის გამარტივებას“, - ლევან დავითაშვილი

მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ უკვე დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა.

მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2022 წლის პირველ იანვრამდე, მესაკუთრის დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, ფაქტების კონსტატაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და მასში ცვლილება, შესაბამის ინსტანციებში გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე მოხდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი კანონი განსაკუთრებით მათი უწყების მუშაობას გაადვილებს და სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებს კიდევ უფრო მოქნილს გახდის.

„დაურეგისტრირებელი მიწების პრობლემა ქვეყანაში წლებია დგას. მოგეხსენებათ,  სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ძალიან ბევრ პროგრამას ვახორციელებთ, მაგრამ, ასეთ დროს, მნიშვნელოვანი წინაპირობა რეგისტრირებული მიწის მფლობელობაა. ჩვენი გუნდი წლებია ამ საკითხის გადაჭრაზე მუშაობს. საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ის პაკეტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, არსებული შეუსაბამობების მოგვარებას ბევრი მიმართულებით შეძლებს. სახელმწიფო, 2020 წლიდან, უკვე  დაიწყებს მასშტაბურ და სისტემურ რეგისტრაციას - ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ მიწის ბაზარი და შესაბამისად სოფლის მეურნეობა უფრო განვითარდეს “, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კვირის ამბები