14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 1978 წელს, იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილება და მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ის საერთო სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა უნდა დადგენილიყო. შესაბამისად, ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსიც უქმდებოდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საქართველოში მასშტაბური პროტესტი და მღელვარება მოჰყვა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები, მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. ვითარება უმართავი ხდებოდა. საქართველოს კომპარტიის იმჟამინდელი პირველი მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე შესახვედრად ხალხთან გამოვიდა.
ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო. ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. მოგვიანებით, 1990 წელს, 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.