შპს „გორის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის“ ოცწლიანი დავა დასრულდა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიკლინიკის 60 თანამშრომელს მათ დაფუძნებულ შპს-ში 100% წილი გადაეცა, ხოლო შპს-ს კი გორის ცენტრში მდებარე 2 უძრავი ქონება.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიკლინიკის 60 თანამშრომელს, მათი შენატანების პროპორციულად გადაეცა პოლიკლინიკის 100% წილი, რომელსაც, თავის მხრივ, 2 უძრავი ქონება გააჩნდა გორის ცენტრში. სამწუხაროდ, ამ ოცწლიანი დავის შემდეგ, რამდენიმე მათგანი ვერ მოესწრო ამ სასიხარულო ფაქტს, - ამის შესახებ ადვოკატმა როინ მიგრიაულმა განაცხადა.
,,ეს დავა 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. შპს „გორის სტომატოლოგიურ პოლიკლინიკას“, რომელსაც სახელმწიფომ, 1999 წელს განხორციელებული და დასრულებული პრივატიზაციის მიუხედავად, გორში მდებარე 2 უძრავი ქონება არ გადასცა საკუთრებაში. მეტიც, 2010 წელს, ეკონომიკის სამინისტრომ თავის სახელზე დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში ეს ქონებები. მხოლოდ 2017 წელს მოხერხდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სახელმწიფოსთვის ამ ქონებების ჩამორთმევა. ამის შემდეგ კი გაგრძელდა სამართლებრივი დავა ამ უძრავი ქონებების შპს „გორის სტომატოლოგიურ პოლიკლინიკის“ საკუთრებაში გადასაცემად.
აღნიშნულის გარდა, სახელმწიფომ არც 100% წილი გადასცა პოლიკლინიკის იმ 60 თანამშრომელს, ვინც, ჯერ კიდევ 1999 წელს, ამისთვის სრული თანხა გადაიხადა. პოლიკლინიკის თანამშრომელთა და შპს-ს თითქმის 20-წლიან დავაში პირველი პოზიტიური ნაბიჯი ცოტა ხნის წინ გადაიდგა, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ივანე აღნიაშვილი) შპს „გორის სტომატოლოგიურ პოლიკლინიკას“ საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონებები, და იმავდროულად, პოლიკლინიკის 60 თანამშრომელს პროპორციულად გადასცა პოლიკლინიკის 100% წილი. სააპელაციო სასამართლომაც სამართლიანად აღასრულა სამართალი (კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი გოგიაშვილი). ახლა კი, უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება (პალატის თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე) გახდა ცნობილი. დავა დასრულდა შპს „გორის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის“ და მისი 60 თანამშრომლის სასარგებლოდ, თუმცა, სამწუხაროდ, რამდენიმე მათგანი ვეღარ მოესწრო ამ სასიხარულო ფაქტს", - აღნიშნა როინ მიგრიაულმა.