გორის მე-14 ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ ათ დღეში განახლდება, - ამის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა განუცხადა.
ლია კოვზიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე დაზუსტებით იმის თქმა, თუ როდის დასრულდება მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ საბავსვო ბაღში, არ შეუძლია, თუმცა, მშენებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ სასწავლო პროცესის განახლება დაახლოებით 10 დღეში იქნება შესაძლებელი.
„მოგეხსენებათ, ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამ საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო ღონისძიებები. მშენებლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ მე-14 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დაახლოებით 10 დღეში განახლდება. იმედს ვიტოვებ, რომ არაფერი შეიცვლება, რადგანაც როგორც თქვენთვის ცნობილია, ეს სწორედ სარემონტო სამუშაოების დასრულებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.
GMnews-ის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი შეჩერებულია და გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს კარალეთისა და გარეჯვრის საბავშვო ბაღებშიც. აღნიშნული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სასწავლო პროცესს სწორედ მიმდინარე სარეაბილიტაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ განაახლებენ.