საზოგადოება
12.04.2021 13:54
დევნილ ოჯახებს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლებს აუშენებენ - ბენეფიციართა განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ მიწის ნაკვეთები, თუმცა დღემდე არ დაკმაყოფილებულან საცხოვრებელი ფართით, აღნიშნულ ნაკვეთებში სახლებს აუშენებენ.

როგორც GMnews-სთვის ცნობილია, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც 2021 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.  განაცხადების მიღება დღეიდან, 12 აპრილიდან დაიწყო და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დრომდე, პროექტი გარკვეულ რეგიონებში ხორციელდებოდა და ახლა, უკვე მთელ საქართველოს მოიცავს. დევნილი ოჯახები განაცხადების შევსებას როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შეძლებენ. გორში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება სამების ქუჩა N1-ში მდებარე დაწესებულებაში შეუძლიათ.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს, რომელიც  დევნილთა  განსახლებასთან ერთად,  მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც   ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. პროექტი დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 200-ზე მეტი  სახლის აშენებას ითვალისწინებს.

 

 

კვირის ამბები