საზოგადოება
12.04.2021 10:43
ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია დღეიდან იწყება

დღეიდან  საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია იწყება. ისრაელის სახელმწიფოსა  და  საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაოს ხანგრძლივობა კვირაში 6 სამუშაო დღეს შეადგენს სრული განაკვეთით. რაც შეეხება ანაზღაურებას, თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით, შეადგენს 5 300 შეკელს (ეს თანხა დღევანდელი კურსით,1 610 აშშ დოლარის ექვივალენტია). ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში  ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე.

როგორც ცნობილია, წლის ბოლომდე საქართველოს 1 000 მოქალაქის დასაქმება იგეგმება.

რაც შეეხება მოთხოვნებს, რასაც დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს:

განათლება საშუალო; სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი; ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

ზოგადი მოთხოვნები: საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 25-დან 45 წლამდე; სიმაღლე - არა ნაკლებ 1.5 მეტრი; წონა -  არა ნაკლებ 45 კგ; ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი; ნასამართლეობის არ მქონე; ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე; არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ; არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში; კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID 19-ის ტესტი საქართველოში; კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID 19-ის  ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად (აღნიშნული მოიცავს COVID 19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით).

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგ პორტალზე - http://workabroad.moh.gov.ge/ 

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია დღეს დაიწყო და მსურველებს განაცხადის შევსება მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს

კვირის ამბები