ქარსაფარი ზოლის დაზიანება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება მუხლი, რომლის მიხედვით, ქარსაფარ ზოლში მწვანე ნარგავების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შეიძლება მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ქარსაფარ ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვას, აღნიშნულ ფაქტზე1 000 ლარიანი ფინანსური სანქცია დაწესდება.
GMnews-ის ინფორმაციით, პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის კანონის პროექტი, რომლითაც ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება.
პროექტში მოცემულია ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების ზოგადი დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, მუნიციპალიტეტები დაყოფილია კატეგორიებად, ქარის სიძლიერის მიხედვით. დადგენილია ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ზოგადი სტანდარტი. განსაზღვრულია ქარსაფარი ზოლის არაფუნქციური გამოყენების პირობებიც.
საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებისთვის პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.