ბევრი ახალგაზრდა და არამარტო ახალგაზრდა დაიღუპა იმ დღეს და რისთვის - მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის დასაჯეს, რომ თავისი ეროვნული ღირსების დაცვა უნდოდათ, - ამის შესახებ, გორში, 9 აპრილის მემორიალთან, გორის საზოგადოების წარმომადგენელმა ნუგზარ მაჭავარიანმა განაცხადა.
,,მინდა, მოგილოცოთ 9 აპრილი, რამეთუ, ეს იყო დასაწყისი ქართული მებრძოლი სულის აღზევებისა. ამავე დროს, მინდა, მოგისამძიმროთ, რამეთუ, ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია. ბევრი ახალგაზრდა და არამარტო ახალგაზრდა დაიღუპა იმ დღეს და რისთვის - მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის დასაჯეს, რომ თავისი ეროვნული ღირსების დაცვა უნდოდათ. ეს იყო და ეს, უიარაღო ხალხს შეუტიეს ტანკებით და ალესილი ნიჩბებით. ძალიან მძიმე გასახსენებელია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ჩვენი ისტორიაა, საამაყო ისტორიაა და იმედია, რომ ეს მინავლებული ქართული მებრძოლი სული ისევ აღდგება იმედი მაქვს, ქართველი ხალხი ისევ იცხოვრებს ძველი ისტორიული, ქართული, ვაჟკაცური იდეით - სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი", - განაცხადა ნუგზარ მაჭავარიანმა.
9 აპრილის მემორიალთან შიდა ქართლის გუბერნიის, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, გორისა და ატენის ეპარქიის და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას