გორში, 9 აპრილის მემორიალთან შიდა ქართლის გუბერნიის, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, გორისა და ატენის ეპარქიის და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მიტროპოლიტმა ანდრიამ, ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად, გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
,,უპირველესად, მადლობა და პატივისცემა იმ ადამიანებისა, რომლებმაც 9 აპრილის დღეს მიიღეს მონაწილეობა. ყველა მონაწილეს და განსაკუთრებულად კი, მათ, ვინც გარდაიცვალა. ღმერთმა ნათელში დააწესოს მათი სული. ეს იყო ძალიან დიდი და ძლიერი, ერთ-ერთი პირველი ბიძგი ეროვნული სულისკვეთების გაღვიძებისათვის და დამოუკიდებელი საქართველოს თვითშეგნებისათვის. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ეს დღე. ჩვენი ისტორიის ბოლო ათწლეულებში 9 აპრილი იყო ერთ-ერთი გამორჩეულად მძიმე, მტკივნეული, მაგრამ ამავდროს, დამოუკიდებელი და ეროვნული სულისკვეთების გამაღვიძებელი", - აღნიშნა გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმთავარმა.