1989 წლის 9 აპრილიდან 32 წლისთავთან დაკავშირებით, გორში, 9 აპრილის მემორიალთან შიდა ქართლის გუბერნიის, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, გორისა და ატენის ეპარქიის და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მიტროპოლიტმა ანდრიამ, ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად, გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
,,უპირველესად, მადლობა და პატივისცემა იმ ადამიანებისა, რომლებმაც 9 აპრილის დღეს მიიღეს მონაწილეობა. ყველა მონაწილეს და განსაკუთრებულად კი, მათ, ვინც გარდაიცვალა. ღმერთმა ნათელში დააწესოს მათი სული. ეს იყო ძალიან დიდი და ძლიერი, ერთ-ერთი პირველი ბიძგი ეროვნული სულისკვეთების გაღვიძებისათვის და დამოუკიდებელი საქართველოს თვითშეგნებისათვის. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ეს დღე. ჩვენი ისტორიის ბოლო ათწლეულებში 9 აპრილი იყო ერთ-ერთი გამორჩეულად მძიმე, მტკივნეული, მაგრამ ამავდროს, დამოუკიდებელი და ეროვნული სულისკვეთების გამაღვიძებელი", - აღნიშნა გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმთავარმა.
,,დღევანდელი თარიღი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული თარიღია, მაგრამ ამავდროულად, არის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, გაუტეხელობის დღე-სიმბოლო და მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, მათ მოგვცეს ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და მადლობა მათ თავისუფლებისთვის", - განაცხადა 9 აპრილის მემორიალთან შიდა ქართლის გუბერნატორმა მამუკა საღარეიშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, სულ მალე დაიწყება სამუშაოები, რის შედეგადაც გორში, 9 აპრილის მონუმენტი მთლიანად იცვლება და ემატება თითოეული იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც 9 აპრილის ღამეს შეეწირა.
,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მთელმა საქართველომ იცის, რა მოხდა 9 აპრილს. ახლა ვიმყოფებით 9 აპრილის მემორიალთან, სადაც მალე დაიწყება განახლება იმიტომ, რომ მომავალმა თაობამაც იცოდნენ, 1989 წლის 9 აპრილს რა მოხდა. ამ დროს დაიღუპნენ ახალგაზრდები, რომლებმაც შეწირეს თავი საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და ეს მემორიალიც იქნება სიმბოლო მათი სულების უკვდავსაყოფად. მონუმენტი მთლიანად იცვლება და ემატება თითოეული იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც 9 აპრილის ღამეს შეეწირა. სამუშაოები მალე დაიწყება და მომავალი წლის 9 აპრილს ახალი მონუმენტით შევხვდებით", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.
,,მინდა, მოგილოცოთ 9 აპრილი, რამეთუ, ეს იყო დასაწყისი ქართული მებრძოლი სულის აღზევებისა. ამავე დროს, მინდა, მოგისამძიმროთ, რამეთუ, ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია. ბევრი ახალგაზრდა და არამარტო ახალგაზრდა დაიღუპა იმ დღეს და რისთვის - მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის დასაჯეს, რომ თავისი ეროვნული ღირსების დაცვა უნდოდათ. ეს იყო და ეს, უიარაღო ხალხს შეუტიეს ტანკებით და ალესილი ნიჩბებით. ძალიან მძიმე გასახსენებელია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ჩვენი ისტორიაა, საამაყო ისტორიაა და იმედია, რომ ეს მინავლებული ქართული მებრძოლი სული ისევ აღდგება იმედი მაქვს, ქართველი ხალხი ისევ იცხოვრებს ძველი ისტორიული, ქართული, ვაჟკაცური იდეით - სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი", - განაცხადა ნუგზარ მაჭავარიანმა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი გაურკვეველი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
სისხლიანი ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს, იმჟამინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.