საზოგადოება
08.04.2021 14:14
გრაფიკა, ფანქარი და „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები - 15 წლის დიმიტრი ვეშაპურის შემოქმედება ფერებამდე

ხუთი წლის წინ გადაწყვიტა, რომ ყველაზე მეტად ხატვა აინტერესებდა და უნდოდა, სამომავალო პროფესიაც ამ მიმართულებასთან დაეკავშირებინა. ხატვის გაკვეთილებზე სიარული 10 წლის ასაკში დაიწყო, ფანქარს და შავ-თეთრ ფერებს თავიდანვე გამორჩეულად დაუმეგობრდა. ჯერ სამხატვრო სკოლის მოსწავლე იყო, შემდეგ კი, უკვე მეორე წელია, ნინო დაღელაშვილის სამხატვრო სტუდია-სახელოსნოში ეუფლება ხატვის ტექნიკასა და ხელოვნების ამ დარგის სიღრმეებს.

დიმიტრი ვეშაპური 15 წლისაა, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა, თუმცა, ხატვის გაკვეთილებზე გორში სიარული უწევს.

სტუდია-სახელოსნოს დამფუძნებელი და პედაგოგი ნინო დაღელაშვილი ამბობს, რომ პანდემიამ და დაწესებულმა შეზღუდვებმა მოსწავლეები მნიშვნელოვნად დააზარალა.

,,სტუდია სახელოსნო მეორე წელია ფუნქციონირებს. კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვების დაწესებამდე, სხვადასხვა ასაკის 45 მოსწავლე გვყავდა, ახლა კი, მას შემდეგ რაც ფუნქციონირება განვაახლეთ, 30 მოსწავლე გვყავს. არიან როგორც ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვები და ახალგაზრდები, ასევე ჩვენთან დადიან სხვადასხვა სოფლიდანაც.

იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მშობელს სურდა, რომ ბავშვს ხატვაზე ევლო და არა - თავად ბავშვს, ასეთ შემთხვევაში, ძალზე რთულია შედეგის მიღწევა. ამჟამად გვყავს რამდენიმე ძალზე წარმატებული მოსწავლე, ფაქტობრივად, ხელოვნების ამ სფეროში უკვე შემდგარი, ასეთი გახლავთ თქვენი ამჟამინდელი რესპონდენტი დიმა, ასევე ძალიან ნიჭიერი და კარგი მოსწავლეა ვახო, დავითი, სალომე...…

პანდემიამ და რამდენიმე თვით გაკვეთილების შეწყვეტამ მნიშვნელოვნად დაგვაზარალა, ხატვაში, თუკი ერთი კვირა მაინც არ აქვს მოსწავლეს პედაგოგთან ინტენსიური და პირდაპირი კონტაქტი, ძალიან რთულია. სახლში თავად რომ იმუშაოს, ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, ერთ ადგილს ტკეპნის. ეს ის სფეროა, სადაც დისტანციურ რეჟიმში მუშაობა ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. როდესაც მილიმეტრს აქვს მნიშვნელობა, როდესაც ესაუბრები, რომ ერთი მილიმეტრით ჩრდილი წინ უნდა გადასწიოს და ეს უნდა აჩვენო, დისტანციურად რთულია ამის ჯეროვნად ახსნა, უბრალოდ, ვერ გამოვა.

ვმუშაობთ ყველაფერზე, თუმცა, საღებავს თავიდანვე არ ვიწყებთ, ვინაიდან, საღებავში ყველა შეცდომა მკვეთრად ჩანს, ამიტომ, ჯერ ხდება საფუძველის მომზადება, ფანქრით შესწავლა და მერე გადავდივართ საღებავზე. ფერწერა-გრაფიკა ფანქრით _ ვიწყებთ ამგვარად, თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ყველას ეჩქარება ფერებზე გადასვლა", - აღნიშნავს პედაგოგი.

პედაგოგობამდე, ნინო დაღელაშვილმა ჯერ სამხატვრო სკოლა, შემდეგ ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა, ბოლოს კი, სამხატვრო აკადემიაში მიიღო განათლება. მისი კვალიფიკაცია მხატვარ-პედაგოგი და ხატმწერ-რესტავრატორი გახლავთ.

''დიმიტრი ჩამოყალიბებული გრაფიკოსია, თავისი ხასიათით, ხელის მოძრაობით, თითოეული შტრიხით, ყველაფრით ჩამოყალიბებულია გრაფიკოსია, ამიტომ, არც ვცდილობთ, რომ ფერწერის მიმართულებითაც იმუშაოს, თუმცა, ბუნებრივია, თუ თავად ექნება ამის სურვილი, ვიმუშავებთ, მაგრამ ფერებამდე, მისი არის გრაფიკა", - გვითხრა ნინო დაღელაშვილმა.

დიმიტრი ვეშაპურს სამომავლო პროფესია უკვე შერჩეული აქვს - არქიტექტორობას აპირებს.

''ხატვის გარდა, სასკოლო საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა მაინტერესებს. ვგეგმავ, პროფესიად არქიტექტურა ავირჩიო და შესაბამისი განათლებაც ამ მიმართულებით მივიღო. ბევრჯერ წარმომიდგენია ჩემი თავი არქიტექტორად, თითქოს, ვაკეთებ სხვადასხვა პროექტის ნახაზებს, შესაბამისად, სხვა პროფესიაზე არ ვფიქრობ. ხატვის პროცესში ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, თავისუფლად ვარ. თითოეულ ნახატზე მუშაობა განსხვავებულია, განსხვავებული ემოციები ახლავს თან, სამუშაო დროს რაც შეეხება, დამოკიდებულია სირთულეზე. პედაგოგის გადაწყვეტილებით, ყველა შემდეგი ნამუშევარი წინაზე უფრო რთულია, ასე ვთქვათ, ამოცანები რთულდება. არქიტექტურას ბევრი რაკურსი ჭირდება და ამ დეტალებს საფუძველი ახლა ეყრება", - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი. 

პედაგოგის შეფასებით, ერთ-ერთი რთული და ამავდროულად საინტერესო შესასრულებელი იყო ვეფხისტყაოსნის კომპოზიციები - იმდენად რთულად შესასრულებელია და დიმიტრიმ ისე არაჩვეულებრივად გაართვა თავი, ისეთი ძლიერი ნამუშევრებია, რომ თავისუფლად გამოდგებოდა წიგნის ილუსტრაციებადაც. 

არქიტექტორობამდე, დიმიტრის სხვადასხვა ხელსაწყოებისა და ტექნიკის დაუფლება მოუწევს, თუმცა, გრაფიკაში მთავარი მაინც ფანქარი და ხაზვაა, შემდეგ კი - ჰაჩინგი, კროსჰაჩინგი, სკრიბლინგი თუ სტიპლინგი...

ჟურნალი „აი ია“. # 1. 2021.




კვირის ამბები