უახლოეს პერიოდში იგეგმება, რომ სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, ფართის გაქირავება აიკრძალოს ან შეიზღუდოს, - ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.
ფერაძის განცხადებითვე, სოციალურ ღონისძიებათა ჩამონათვალშია ქელეხი, ქორწილი, იუბილე, აღნიშნულ საკითხზე უკვე დაწყებულია მუშაობა უწყებებთან.
„სოციალურ ღონისძიებად გვაქვს დადგენილი - ქელეხი, ქორწილი, იუბილე ან ნებისმიერი ტიპის მსგავსი მასობრივი თავშეყრა, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებული, ტრადიციული დღეების აღნიშვნას უკავშირდება. ბევრი განცხადება შემოვიდა ინდივიდუალური პირებისგან - რომ ბინას აქირავებენ და იკრძალება თუ არა მსგავსი ქმედება, რა თქმა უნდა, არ იკრძალება. ცხადია, რომ 10 ადამიანამდე ისევ ნებადართული რჩება მსგავსი ტიპის სოციალური ღონისძიების ორგანიზებაც", - განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ,,პალიტრანიუსის" ეთერში.
რაც შეეხება სანქციას, დარღვევის შემთხვევაში, პირველ ჯერზე იურიდიული პირი ჯარიმდება 10 ათასი ლარით, ფიზიკური პირი კი - 2 ათასი ლარით. განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.