კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და როგორც ცნობილია, ნოემბერში უნდა დასრულდეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა დაათვალიერა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 2 570 000 ლარია.
„სააღმზრდელო დაწესებულება, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს, 180 ბავშვს მოემსახურება. ორსართულიანი შენობის საერთო ფართი 1 520 კვ.მ-ია. შენობაში მოეწყობა გასახდელები, ბუფეტი, საკუჭნაო, დარბაზი, საძინებელი, სათამაშო, პროდუქტების შესანახი, ექიმის, ადმინისტრაციის, ჭურჭლის სარეცხი, სამზარეულოს, ლიფტის, საევაკუაციო კიბისა და საქვაბე ოთახები“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა, ასევე, გათვალისწინებულია ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების განთავსება. გარდა ამისა, შენობაში იგეგმება სასმელი წყლის, საკანალიზაციო, ელექტრო, გათბობის, გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების მონტაჟი.
ამასთან, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირებისა და ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, განხორციელდება შენობის თბოიზოლაცია.
შეგახსენებთ, რომ კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, აღნიშნული საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტს ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის ფარგლებში.