საზოგადოება
07.04.2021 12:22
გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება

გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში  გათვალისწინებულია გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია კახნიაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე 536 მეტრს შეადგენს. შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს როგორც საავტომობილო გზის, ისე საფეხმავლო სივრცის რეაბილიტაციას, ასევე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც. გარდა ამისა, იგეგმება სკვერის, გარეგანათების, მოაჯირებისა და დეკორატიული სკამების განთავსება. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.

გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მხარის რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. როგორც ილია ბეგიაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად პანდემიისა, რეგიონში წელსაც აქტიურად დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. 2021 წელს, შიდა ქართლში 21 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება, რაც რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსდება.

,,გოგებაშვილის ქუჩის უკვე რეაბილიტირებული ნაწილის მსგავსად, ქუჩის მეორე მონაკვეთი რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს, სანაპიროს მიუყვება. შესაბამისად, გარდა საავტომობილო გზისა და საფეხმავლოებისა, აქაც მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები და მიმდებარე ტერიტორია გაწვანდება“, - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გოგებაშვილის ქუჩის პირველი მონაკვეთი 2018 წელს რეაბილიტირდა. საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნის, საავტომობილო გზისა და საფეხმავლო სივრცის რეაბილიტაციასთან ერთად ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო ბულვარი და საკანალიზაციო ქსელი. ქუჩის ორივე ნაწილის სარეაბილირაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დაფინანსდა.

 

კვირის ამბები