საზოგადოება
06.04.2021 20:24
მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზე ვართ, თუ ინფექციის გავრცელებამ მოიმატა, უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიების შემოღება მოგვიწევს - ამირან გამყრელიძე

ჩვენ ვართ მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოციალური ქსელით გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით,  იმ შემთხვევაში, თუ ინფექციის გავრცელების ინტენსივობა მოიმატებს, საკოორდინაციო საბჭოს დღის წესრიგში კვლავ დადგება მძლავრი შეზღუდვების დაწესების საკითხი.

„ჩვენ ვართ მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზე. სწორედ ამ ტიპის ზრდა გვქონდა გასული წლის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. ერთადერთი გამოსავალი არის ძალიან ძლიერი თვითდისციპლინა, ძალიან კარგად დაცვა ყველა რეკომენდაციის - პირბადე, დისტანცია, სანიტარული წესრიგი, არა დიდ თავშეყრებს, ინტენსიური ვაქცინაცია.

უნდა დავიცვათ მთავარი რკომენდაციები და შეზღუდვები, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს - არა დიდ ქორწილებს! არა დიდ ჭირის სუფრებს! არა დიდ შეკრებებს! მუშაობის დიდი ნაწილის დისტანციურ მეთოდზე გადაყვანა!

რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, პირველ რიგში, ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც არის დღეს დაწესებული. თუ ამას გავაკეთებთ, დიდი ალბათობით, ჩვენ შევაკავებთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და არ დაგვჭირდება რადიკალური შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და მოიმატა ინტენსივობამ ინფექციის გავრცელების, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, რომ საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ საკითხი უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები