კონფლიქტები
06.11.2019 23:07
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 28 წლის ზაქრო ბუთხუზი დააკავეს

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 28 წლის ზაქრო ბუთხუზი დააკავეს.

დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, ბუთხუზი სოფლის განაპირას მდებარე იმ ბაღში იმყოფებოდა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ზემო არცევს ესაზღვრება.

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ტარიელ ვათიაშვილის თქმით, ბუთხუზის დაკავების დეტალები უცნობია.

„მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რომ 28 წლის ზაქრო ბუთხუზი, რომელიც სოფელ ქვეშის მაცხოვრებელია, საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. დაკავებას არავინ შესწრებია და შესაბამისად, დეტალებზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. უკვე საქმის კურსშია ყველა შესაბამისი უწყება და იმედი გვაქვს, რომ დაკავებულის გათავისუფლება მალე მოხდება“, - განაცხადა ტარიელ ვათიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ზაქრო ბუთხუზი 4 წლის წინაც იყო დაკავებული და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მაშინ ე.წ. საზღვის უკანონოდ გადაკვეთაში დასდეს ბრალი.

დაკავებულის ოჯახს დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

 

კვირის ამბები