თუ არ გვინდა, რომ მესამე ტალღაში შევიდეთ და გამეორდეს ნოემბერი და დეკემბერი ქვეყანაში, გავითავისოთ, რომ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები და კიდევ უფრო ინტენსიური უნდა გავხადოთ აცრა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, რეგიონებში ახალი კლასტერების ჩამოყალიბება კვლავ დიდ თავშეყრებს - ქორწილებსა და ქელეხებს უკავშირდება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი თავშეყრები დადგენილებით არის შეზღუდული, მოსახლეობა ამას მაინც არ ერიდება. მისივე ინფორმაციით, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ქვეყანაში უკანასკნელი 20 დღის განმავლობაში ეპიდსიტუაციის გაუარესება შეინიშნება.
„ბოლო ორი კვირის, 20 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების დინამიკა. ამ დინამიკას არ აქვს ნახტომისებური სახე, ნელ-ნელა იმატებს ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი. მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე ანუ ინციდენტობა, რეპროდუქციის ინდექსი 20 დღეა ერთს სცილდება ზემოთ, დადებითობის ბოლო ერთი კვირის მაჩვენებელი ასცილდა 2-ს, ასევე, შეიმჩნევა ზრდის დინამიკა აქტიური შემთხვევების. ეს არის დაახლოებით ისეთი სურათი, რომელიც ჩვენ გვქონდა გასული ოქტომბრის დასაწყისში. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რაც გვქონდა და პრევენცია გავაკეთოთ ეპიდსიტუაციის შემდგომი გაუარესებისა. პირბადის ტარების მაჩვენებელი ჩამოვარდნილი იყო 75%-დან 43%-ზე, ბოლო მონაცემით, გვაქვს 51%, მაგრამ ცოტაა ეს, უნდა ავიდეთ, სულ მცირე, 75-80%-ზე და საუკეთესო შემთხვევაში 90%-ზე, რომ ვიყოთ შედარებით მშვიდად.
რამდენიმე ადგილზე ჩვენ გვაქვს უკვე კლასტერული გავრცელება, შიდა ქართლში, სამეგრელოსა და გურიაში, ყველაფერი ეს დაიწყო ისევ და ისევ დიდი თავშეყრებისგან, დაკავშირებულია ქელეხებთან და დიდ ქორწილებთან, ამიტომ ისევ და ისევ მოწოდება, რომ როგორმე თავი შევიკავოთ, ეს ისედაც დადგენილებით შეზღუდლია, მაგრამ მოსახლეობა სამწუხაროდ არ მიყვება ამ შეზღუდვებს,“ - განაცხადა გამყრელიძემ.