შიდა ქართლში მოქმედი კოვიდკლინიკებიდან ერთ-ერთი - „გორმედის“ ქსელის ხაშურის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და დღეიდან მოქალაქეებს როგორც პედიატრიული მიმართულებით, ასევე მოზრდილთათვის სრულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობს.
აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება კოვიდკლინიკად გასული წლის ოქტომბერში გადაკეთდა. კლინიკის ხელმძღვანელის, ინგა მაისურაძის ინფორმაციით, ამ პერიოდში შიდა ქართლში მცხოვრები თუ დედაქალაქიდან და სხვა რეგიონებიდან გადმოყვანილი 767 პაციენტის მართვა მოხდა.
„დღეიდან, კლინიკა ჩვეულ, მრავალპროფილურ სერვისებს დაუბრუნდა. კოვიდკლინიკად ფუნქციონირების პერიოდში, ჩვენს სტაციონარში 767 ინფიცირებული პაციენტი იმართა. რაც შეეხება ამჟამად არსებულ ვითარებას, სხვა კლინიკებში ან სხვა რეგიონებში დადასტურებული შემთხვევების ჩვენთან გადმოყვანა აღარ მოხდება, თუმცა, სამედიცინო დაწესებულებაში შემოსულ ყველა პაციენტს უტარდება ტესტირება და დადასტურების შემთხვევაში, მათი მკურნალობა მოხდება ჩვენს კლინიკაში, იზოლირებულ, გამიჯნულ სივრცეში არსებულ ბოქსირებულ განყოფილებაში“, - განაცხადა ინგა მაისურაძემ.