საზოგადოება
06.11.2019 17:49
ხელისუფლება მოსახლეობასთან ღია შეხვედრებს აგრძელებს

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, „ღია შეხვედრების“ ფარგლებში  მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობას აგრძელებენ. გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - დიდი და პატარა გორიჯვრის, უფლისციხის, ქვახვრელისა და ხიდისთავის მაცხოვრებლებს, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტის წევრთან თემურ ხუბულურთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და აღნიშნულ სოფლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი, ასევე, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროექტებს შეეხო და ხაზი გაესვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობას.  

„ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს და მათი საჭიროებების ადგილზე გაცნობას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს ადგილობრივებთან, რათა მიზანმიმართულად და სწორად დავგეგმოთ სამომავლო პროექტები. ასეთი ფორმატის შეხვედრებზე ხშირად ხდება ისეთი საკითხების გაჟღერებაც, რისი გადაჭრაც მინიმალურ დროსა და რესურსს მოითხოვს, ასეთ შემთხვევაში ბიუროკრატიულ პროცედურებსა და გაჭიანურებას ავცდებით“, - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

კვირის ამბები