საზოგადოება
03.04.2021 16:23
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას საქართველოს 5000 მოქალაქე შეძლებს

500-ის ნაცვლად, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას საქართველოს 5000 მოქალაქე შეძლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოჩენილი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მოხდა.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს პირველ მოქალაქეებს უკვე 2021 წლის მაისში ელოდებიან.

ცნობისთვის, ამ დრომდე, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების უფლება საქართველოს 500-მდე მოქალაქეს ჰქონდა.

გერმანიაში დასაქმების სურვილი საქართველოს 97 ათასზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა.

შეგახსენებთ, გერმანიამ კოორდინირებული შრომითი მიგრაციული პროგრამა დაიწყო. პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო და საქართველოსა და გერმანიას შორის შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში დროებით დასაქმების საშუალებას აძლევს. შრომითი სქემა ითვალისწინებს სეზონურ, მაქსიმუმ, სამი თვის ვადით დასაქმებას სოფლის მეურნეობის სექტორში.

დასაქმების მსურველი უნდა იყოს 18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, ასევე, არ უნდა იყოს დეპორტირებული, არ უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დარღვევა. სასურველია ჰქონდეს სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, საჭიროა, უცხო ენის საბაზისო ცოდნაც. შესაძლებელია ისიც, რომ დასაქმებულთა ჯგუფში იყოს ენის მცოდნე ერთი პირი, რომელიც მას დამსაქმებელთან კომუნიკაციაში დაეხმარება. მგზავრობის ხარჯებს დასაქმებული ფარავს. ამასთან, დასაქმების მსურველმა გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა ჩაიტაროს კორონავირუსზე ტესტი.

ერთ საათში მინიმალური ხელფასი 9.5 ევროს შეადგენს, აქედან 5% არის საშემოსავლო გადასახადი. ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯს დამსაქმებელი ფარავს. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის საცხოვრებელი პირობები სამუშაო ადგილთან ახლოს, თუმცა ქირის საფასურს დასაქმებული იხდის. ასევე, კვების ხარჯი შესაძლოა დამსაქმებელმა გასწიოს, რასაც შემდგომ დასაქმებული ფარავს.

სამუშაო მოიცავს რვასაათიან სამუშაო დღეს, შეთანხმების შემთხვევაში კი, შესაძლოა, იყოს 10 საათიც.

გერმანიაში დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია პორტალზე http://workabroad.moh.gov.ge განაცხადის დაფიქსირება მსურველებს მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ.

კვირის ამბები