შიდა ქართლში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 135-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კოვიდ 19-ის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთაგან, ნაწილს სტაციონარული მკურნალობა უტარდება, 234 პირი კი მკურნალობას სახლის პირობებში გადის.
ამ დროისთვის, შიდა ქართლში თვითიზოლაციაში იმყოფება 519 მოქალაქე.
რაც შეეხება კასპის მუნიციპალიტეტს, სადაც ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, სამი სოფლის შესასვლელში, მეორე დღეა საკონტროლო საგუშაგოები მოქმედებს, ბოლო 24 საათში ინფიცირების კიდევ 11 შემთხვევა დადასტურდა.
კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ნონიაშვილის ინფორმაციით, სიმპტომებიანი პაციენტების გამოვლენის მიზნით, კარდაკარის პრინციპით შემოვლა გრძელდება.
,,კასპის მუნიციპალიტეტში 11 ახალი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, აქედან 9 სოფლების - სამთავისის და ქვემო ჭალის კლასტერია. ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა გრძელდება. სიმპტომებიანი პაციენტების გამოვლენის მიზნით, გუშინ განხორციელდა და გრძელდება შემოვლა კარდაკარის პრინციპით. ექვსი ჯგუფი მუშაობს სამ სოფელში", - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.