საზოგადოება
02.04.2021 14:46
რეგიონის სამ სოფელში გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც თერმოსკრინინგის პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მოხდება ტესტირებაც - გუბერნატორი

კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების მატების გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გამშვები პუნქტები მოეწყო. შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, მამუკა საღარეიშვილის ინფორმაციით, თერმოსკრინინგის პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მოხდება ტესტირებაც.

„გამშვებ პუნქტებზე სოფლებში შემსვლელი და გამომსვლელი პირების თერმოსკრინიგი მიმდინარეობს. საჭიროებისამებრ ტარდება ტესტირებებიც. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ეს ღონისძება ტარდება მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით და პრევენციულ ხასიათს ატარებს. დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში 30 დადებითი შემთხვევა დაგვიფიქსირდა. აქვე დავამატებ და მოვუწოდებ მოსახლეობას, დაიცვან ყველა არსებული რეკომენდაცია“, - განაცხადა მამუკა საღარეიშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში, კასპის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის შემთხვევების დაფიქსირების გამო, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ორი საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.

კვირის ამბები